ლოიდ ქარჩავა

asd

დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპები (I ნაწილი)

(ნაწილი I: არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპები)

 

როგორც ირკვევა, ზოგადად, მთელს მსოფლიოში ყველა ემხრობა იმ იდეას, რომ დემოკრატია ყველაზე ცივილური ფრომაა. სხვათა შორის, დემოკრატიის ერთგვარ ნიშნებს ჩვენ ვხვდებით პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის მიჯნაზე, როცა საკითხი ხმის პირდაპირი მნიშვნელობით წყდებოდა. მოწინააღმდეგეები დადგებოდნენ სხვადასხვა მხარეს და რომელი მხარეც უფრო ხმამაღლა იყვირებდა, ის მხარე ითვლებოდა გამარჯვებულად. ანუ, იმ მხარის აზრი იყო მიღებული. შესაძლოა, ხმის მიცემა სწორედ აქედან მოდის. უბრალოდ დაიხვეწა პროცედურები და ტექნოლოგიები. კომუნისტების დროსაც კი, თითქოს ხალხი ირჩევდა დეპუტატებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდებოდა, რაც ყველამ კარგად ვიცით. იდეა რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ მთავარია, ვის როგორ ესმის ამ იდეის განხორციელება.

რაში მდგომარეობს თვითონ დემოკრატიის არსი?

მკითხველს მოეხსენება, რომდემოკრატია” ბერძნული სიტყვაა, სადაცდემოს” - ხალხს ნიშნავს, “კრატოს” - კანონს, ძალას. თანამედროვე გაგებით დემოკრატია ესაა სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკლრატიის უმთავრესი მოთხოვნააარჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა, ცნებადემოკრატია” მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა. [http://ka.wikipedia.org/wiki /დემოკრატია]

მესმის, ძალიან კარგადაც, რომ სრული ჭეშმარიტება და სრული დემოკრატია ძნელი მისაღწევია, მაგრამ შევეცდები, ავხსნა და ჩამოვაყალიბო დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპები. არ გამოვრიცხავ და წინასწარ ვაცხადებ, ჩემს მოსაზრებებს მოწინააღმდეგეები ნამდვილად ეყობა, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვისაც გარანტირებული აქვს ადგილები მთავრობაში თუ პარლამენტში და ცდილობენ შეინარჩუნონ იგი. ვიღაცას კარგი ურთიერთობები აქვს დამყარებული მათთან და .. ანუ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა. ზოგმა შეიძლება ფიზიკურად არარეალურად ჩათვალოს მისი განხორციელება და უტოპიურიც კი უწოდოს მას. მოკლედ, ყოველგვარ მოსაზრებასა და გამოხმაურებას ველოდებით, მაგრამ მაინც გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულებები, რომელიც გარკვეული ანალიზის შედეგად ჩამოგვიყალიბდა და სრულიად რეალურად გვეჩვენება. და აი, რა გვაქვს მხედველობაში:

ბუნებრივია, რომ ხალხი ვერ იქნება ყველაფრის გადამწყვეტი და შემსრულებელი. ხალხმა უნდა შეარჩიოს და აირჩიოს თავიანთი წარმომადგენლები (საპარლამენტო, ადგილობრივი), რომლებიც თავიანთი რიგებიდან ან საზოგადოებიდან შეარჩევენ და დანიშნავენ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ლოგიკურად თუ მივყვებით, დემოკრატიული მმართველობის მშენებლობა არჩევნებით უნდა დავიწყოთ!

არჩევნები დემოკრატიულად რომ ჩაატარო, საჭიროა შესაბამისი, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული საარჩევნო ნორმატიული აქტი. .. კანონი. ანუ დღევანდელი მდგომარეობით - `საქართველოს საარჩევნო კოდექსი~. ის კი ნამდვილად შესაცვლელია. ჩვენ შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ მხოლოდ პრინციპები, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

დავიწყოთ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებით. დღევანდელი მდგომარეობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) 5 წევრს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს, ხოლო ეს უკანასკნელი ირჩევს მათ. ხოლო 7 წევრს კი ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების ან საქართველოს პარლამენტის მიერ. რაც ჩვენი ღრმა რწმენით არასწორია, უფრო სწორად, არადემოკრატიულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა საარჩევნო კოდექსებთან შედარებით გაკეთიშობილებულია. მოკლედ, ჩვენი მოსაზრება ასეთია:

სარჩევნო კომისიების დაკომპლექტება უნდა დაიწყოს ქვევიდან, საზოგადოების მხრიდან, და არა ხელისუფლების მხრიდან. საარჩევნო კომისიის მთავარი დანიშნულებაა არჩევნების ჩატარება კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, და შემდეგ ხმების დათვლა, რაც დიდ და სპეციალურ განათლებას არ მოითხოვს. საჭიროა საარჩევნო კოდექსის მიხედვით არჩევნების პროცედურების ცოდნა და ყველაზე მთავარიხმების დათვლა.

არჩევნების არსი, ბუნება და თავისებურებები. სანამ არჩევნების არსის განხილვაზე გადავალთ, მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან: II კურსიდან, შემოდგომაზე, თსუ ბაგების სტუდქალაქში გადავედი საცხორებლად. მაშინ სტუდენტური თვითმმართველობა ახალი შემოღებული იყო. ყველა კორპუსში იქმნებოდა სტუდენტური საბჭო (სტუდსაბჭო), რომელიც წყვეტდა ფაქტობრივად სტუდედნტების ჩასახლება-გასახლების საკითხებს. სტუდქალაქის ადმინისტრაცია, კომენდატები და სხვა პირები მატერიალური პასუხისმგებლები იყვნენ ძირითადად. ინფორმაციისთვის იმასაც მოგახსენებთ, რომ სტუდენტები, ასევე, დასაქმებული იყვნენ ხელფასიან სამუშაოზე, დარაჯებად, დამლაგებლებად, ელექტრიკოსად, დურგლად, ლიფტიორად და .. ამ სტუდქალაქში ცხოვრებიდან 1-2 თვეში V კორპუსის სტუდსაბჭოს წევრად შემიყვანეს. ამ კორპუსში სტუდენტთა რაოდენობა 800-ზე მეტი იყო. ასევე, დაახლოებით 1-2 თვეში V კორპუსის სტუდსაბჭოს თავმჯდომარე გაერთიანებული სტუდსაბჭოს თავმჯდომარედ გადაიყვანეს. V კორპუსში კი სტუდსაბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება მე დამევალა. ხოლო აქედან 1 თვეც არ იყო გასული, რომ სტუდსაბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. სტუდქალაქის ხელმძღვანელობისა და გაერთიანებული სტუდსაბჭოს მხრიდან წამოვიდა შემოთავაზება, რომ ჩვენ შენს კანდიდატურას წამოვაყენებთო. მე უარი ვუთხარი. ისინი თუ წამომაყენებდნენ სტუდსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატად, ღია კენჭისყრაზე ყველანი ძალაუნებურად მომცემდნენ ხმას. ამიტომ, მე შევთავაზე დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ-მეთქი. გავამზადეთ ქაღალდის პატარა ნაჭრები და დავურიგეთ სტუდსაბჭოს ყველა წვერს, რათა ფარულად ჩაეწერა მისთვის სასურველი კანდიდატურის სახელი და გვარი წინასწარი დასახელების გარეშე. ანუ, ნებისმიერს შეეძლო ნებისმიერი ჩაეწერა. სულ 14 ხმა იყო ჩემის ჩათვლით. მე თავი შევიკავე, ხმა გაუქმდა. თუმცა, შემეძლო ჩემი სახელი დამეწერა. 1-მა მიიღო 2 ხმა, ხოლო მე მივიღე 11 ხმა. ასე გავხდი მე-2 კურსის სტუდენტი სტუდსაბჭოს თავმჯდომარე და მთელი ოთხი წელი ახალი კანდიდატურა არავის წამოუყენებია, თუმცა ყოველწლიურად ტარდებოდა არჩევნები. დავამატებ იმასაც, რომ ამ ხნის მანძილზე არც ერთი საჩივარი არ ყოფილა ჩემს წინააღმდეგ.

რაში მდგომარეობს ამ მაგალითის არსი? რატომ გავაკეთე ეს?

საქმე იმაშია, რომ თუ ის ხალხი არ გაფასებს, ვინც უნდა აგირჩიოს და ვისთანაც უნდა ითანამშრომლო, მაშინ როგორ ურთიერთობაში უნდა იყო მთთან? ზოგიერთებს ეს არ ადარდებს, მათთვის მთავარია, რაიმე სარგებელი ნახონ, სანამ გაუვათ, იტყუებიან, ცრუ დაპირებებს იძლევიან და .. ძლიერი, მართალი და პატიოსანი ადამიანი ამას არ იკადრებს. ვინმეს თუ შეუძლია ერთი მაგალითი მაინც მოიტანოს, როცა მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ჭიდაობაში და .. ჯიბეში დანით დადიოდეს და მით უმეტეს, მას ეს გამოეყენებინოს ქუჩაში ჩხუბის დროს. რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ მას ეს არ სჭირდება! ქუჩაში გამვლელი უბრალო ადამიანი მისთვის მოწინააღმდეგე არ არის, რადგან მისი ძალა რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის ძალას. მაგრამ, ქურდბაცაცა ნაძირალები სწორედ დანითა და ნებისმიერი საშუალებებით ქალსა და ბავშვსაც კი გაიმეტებენ სასიკვდილოდ, თუ მას რაიმე გროში აღმოაჩნდება ჯიბეში თუ საფულეში. სწორედ ასეთი ქურდბაცაცაა ისვინც საარჩევნო ხმებს იპარავსთუნდაც მოსყიდვით იღებს მას. ამგვარი უამრავი სამარცხვინო ფაქტების მომსწრენი ჩვენ თვითონ ვართ ბოლო 20 წლის მანძილზე. პატიოსანი და ძლიერი პოლიტიკოსი კი, ამას არ იკადრებს.

არჩევნების არსი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სწორედ ამავე საზოგადოების რჩეულმა უნდა უხელმძღვანელოს, რჩეულმა თავისი ცოდნით, გამოცდილებით, და რაც მთავარიაკეთილსინდისიერებით. იმისათვის, რომ ხელმძღვანელმა საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინოს და დაიცვას იგი, ის თვითონ უნდა იყოს ამ საზოგადოების ნაწილი, უნდა ესმოდეს მათი და როგორც მათივე წიაღიდან წამოსულს, უნდა სტკიოდეს მათი სატკივარი.

არჩევნების ბუნება კი ისაა, რომ დემოკრატიული პრინციპით, ანუ ხალხის, საზოგადოების მიერ მოხდეს მისივე წიაღიდან ხელმძღვანელის წამოყენება და არჩევა.

არჩევნებს, ისე როგორც ნებისმიერ მოვლენას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, თუ ვინ ვის ირჩევს. მაგალითად, არჩევნების ერთგვარი სახეა სუფრაზე თამადის არჩევაც კი. მაგრამ ამასაც თავისი ნიუანსები აქვს, იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათისაა სუფრა, _ ქორწილი, ბავშვის შეძენა, დაბადების დღე, ქელეხი, კორპორაციული სადილი, მეგობრების თავყრილობა და ..

ახლა ლოგიკური განვითარება მივცეთ პოლიტიკური არჩევნების ბუნებას და თავისებურებასთან ერთად მთლიან კონტექსტში განვიხილოთ იგი. ჩემს ულამაზეს სოფელშინაკიანში, სოფლის ხელმძღვანელის არჩევნების საკითხი რომ დადგება, იქ კანდიდატურის წამოყენების უფლება არ ექნება თბილისიდან ან ქუთაისიდან ჩასულ კაცს, თუნდაც პროფესორი იყოს იგი, რადგან ის ადგილობრივი მკვიდრი არ არის. ხოლო, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი არ არის, მას არც ესმის და არც სტკივა იქაური სატკივარი. იქ სწორედ და მხოლოდ ადგილობრივი ადამიანი უნდა იყოს არჩეული ადგილობრივების მიერ. სწორედ ასე უნდა მოხდეს საქართველოს ყველა (რამდენიმე ათას) სოფელში, თუ თემში, არჩევნები, რაც იქნება სახელმწიფოს მშენებლობის უმტკიცესი ფუნდამენტი. განსაკუთრებული შემთხვევაა დედაქალაქის მერის არჩევნები. (ამას მერე ჩავამატებ) თუმცა, იურიდიულად და თეორიულად დასაშვებია ჩასული კაცის წამოყენებაც კანდიდატად, თუ მოსახლეობის სურვილი იქნება. პოლიტიკური გადაწყვეტაა საჭირო ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებით დასახლებული თვითმმართველობის ერთეულებში. ამიტომ, ამ საკითხს აქ არ შევეხებით.

იმისათვის, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს, საარჩევნო კომისია უნდა იყოს ობიექტურად დაკომპლექტებული. ობიექტურობისთვის საჭიროა, რომ კონკრეტული საარჩევნო კომისია შეირჩეს იმავე საზოგადოებიდან და იმავე საზოგადოების მიერ, რომელმაც უნდა აირჩიოს ხელმძღვანელი. საარჩევნო კომისიების ყველაზე ქვედა რგოლში, - საარჩევნო უბანში, კომისიის წევრების არჩევა შემდეგნაირად შეიძლება  მოხდეს: მაგალითად, სოფლის შემთხვევაში პარიტეტის, თანასწორობის დაურღვევლობის გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია თითო უბნიდან დასახელდეს უბნის ნდობით აღჭურვილი თითო კანდიდატი. დასახელებულ რამდენიმე (კენტი) კანდიდატს შორის ერთმანეთში მოხდება ხელმძღვანელის, ანუ საუბნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ეს შეიძლება ფარული, სულაც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსაგავსად, კანდიდატის დასახელების გარეშე ყველამ დაწეროს თავისი რჩეულის გვარი, ან ეს შეიძლება ღია ფორმითაც მოხდეს, თუ არ არის დაპირისპირება და კონფლიქტური სიტუაცია.

ამ საარჩევნო კომისიის მიერ მოხდება არჩევნების ჩატარება აღნიშნულ უბანში არსებული წესის მიხედვით. ესაა ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა დახვეწაც შეიძლება. ჩვენ მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში.

გადავიდეთ მთავარზე, პოლიტიკაზე, ანუ ბალავარის შემდეგ ცოკოლი ამოვიყვანოთ და სოფლების საარჩევნო კომისიებიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე ავიდეთ, რითაც დავხურავთ არჩევნების პროცედურის ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს.

ვინ უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი? როგორ დავაკომპლექტოთ კომისია?

დღევანდელი წესის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტებაზე ზემოთ მოგახსენეთ. ეს უკანასკნელი ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, საოლქო საარჩევნო კომისია კისაუბნო საარჩვენო კომისიის წევრებს. რაც არადემოკრატიულია, რადგან კომისია იმის მხარესაა, ვინც ის დანიშნა. ამიტომაც ვღებულობთ ყოველთვის მთავრობის სასურველ შედეგებს, რადგან მთავრობის მიერ დაკომპლექტებული ცესკო ვერტიკალით ნიშნავდა თავის სასურველ კანდიდატურებს, რასაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. შუახნისა და უფროს თაობას ახსოვს ცნობილი სიტყვები, - “იგებს ის, ვინც ხმებს ითვლის”. არადა უნდა მოიგოს იმან, ვინც ხმები მიიღო, და არა იმან, ვინც ხმები ”დათვალა”.

დემოკრატიის პრინციპებზე თუ ვსაუბრობთ, თვითონ საარჩევნო კომისია უნდა აირჩეს (კი არ დაინიშნოს) პირველ რიგში და ეს მთელს ქვეყანაში ერთდროულად დაიწყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევით, დაახლოებით ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ფორმით. არჩეული წევრები კი აირჩევენ თავმჯდომარეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აირჩევენ თავინთი რიგებიდან საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. საოლქო კომისიის წევრები, ასევე, საუბნო კომისიის რიგებიდან უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო საუბნო კომისიის წევრების შევსება მოხდება ახალი წევრებით, იგივე წესით, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარისაოლქო კომისიის თავმჯდომარეები თავიანთი რიგებიდან აირჩევენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ რაოდენობას, რასაც საჭიროება მოითხოვს - 11-15 კაცის შემადგენლობთ. დღეისათვის საარჩევნო კოდექსის მიხედვით ცესკო 13 წევრისაგან შედგება. ეს უკანასკნელი კი თავისი რიგებიდან აირჩევს თავმჯდომარეს.

ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება თუკი რეგიონებში არსებული საოლქო კომისიის თავმჯდომარეები შეარჩევნ თითო წევრს თავიანთი რიგებიდან. ეს იმიტომაც არის მიზანშეწონილი, რომ ისინი თავიანთ რეგიონებს კურირებასაც გაუწევენ არჩევნების დროს და უფრო ადვილად შეძლებენ ადგილებზე ურთიერთობებს. მეორეს მხრივ, ხელისუფლებას არ ექნება მათზე ზემოქმედების ბერკეტები. ბუნებრივია, იქნება მცდელობა, რომ აქაც მონახონგამოსავალი”, მაგრამ გონივრული და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა იზრუნონ ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმნედების გასანეიტრალებლად.

სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ჩვენ ვგულისხმობთ აზროვნებას, როდესაც ადამიანი ფიქრობს არა პირადმე”-ზე, არამედ ქვეყნის ბედზე, საზოგადოებაზე. მით უფრო, არჩეული ადამიანი ვალდებულია ბევრი პირადული დათმოს იმ საზოგადოების სასარგებლოდ, რომელმაც ის აირჩია. იყო რჩეული და არჩეული, ეს პირველ რიგში ღირსების საკითხი უნდა იყოს, (და არა ფულის მოხვეჭის) რადგან ის ამ საზოგადოების სახე ხდება არჩევის დღიდან. არჩეული ადამიანი ხევისბერი გოჩასავით უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და სამართლიანი. ვისაც ესმის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველ ყოვლისა, რადგან ადამიანები თავიანთი ბედის რაღაც ნაწილს განდობენ გარკვეული დროით. ეს მძღოლის პასუხისმგებლობას ჰგავს, რომელიც მართავს ავტომანქანას, სადაც რამდენიმე, თუნდაც ერთი ადამიანი უზის გვერდით. თუ მძღოლმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ხრამში გადაიჩეხა ან შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა, აქ მისი მგზავრიც ხომ მისი შეცდომის მსხვერპლი ხდება.

ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო წინამძღოლის არჩევისას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების არჩევისას. ვფიქრობ, ისევ აქტუალური ხდება ლოზუნგი - მთელი ძალაუფლება ხალხს!” ამზე მეორე ნაწილში ვისაუბრებ უფრო დეტალურად.

იმედი გვაქვს, რომ მკითხველი სწორად გაიგებს ჩვენს გუწრფელ სურვილებს და ჩვენც აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით დავასრულებთ დღევანდელ წერილს: იმედი მაქვს, თქვენ მე გამიგეთ.”

ღმერთი გფარავდეთ მკითხველო, თქვენ და სრულიად საქართველოს!

ლოიდ ქარჩავა

04.07.2013.